Geosky TECHNICS-ის ავიატექნიკოსი ია პაიჭაძე თანამედროვე სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების, პირველი სერტიფიცირებული ქალი სპეციალისტია.
ია პაიჭაძე, ავიაკომპანია Geosky-ში, 2021 წელს საწარმოო პრაქტიკების წარმატებით დასრულების შემდგომ, საავიაციო უნივერსიტეტის 12 კურსდამთავრებულთან ერთად დასაქმდა. 3 წლის განმავლობაში სერტიფიცირებული სპეციალისტის ზედამხედველობით ასრულებდა საჰაერო ხომალდზე ტექნიკური მომსახურების სამუშაოებს. 3 წლიანი გამოცდილების, წარმატებული და თავდაუღალავი შრომის შედეგად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს - „Geo Sky Technics”-ის თანამშრომელს ია პაიჭაძეს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის A კატეგორიის მოწმობა მიანიჭა. სერტიფიცირების პროცესი სააგენტოს მიერ დანერგილი „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად, ევროკავშირის მოთხოვნების მიხედვით წარიმართა. გაცემული მოწმობის ფარგლებში, ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი უფლებამოსილია განახორციელოს გეგმიური ოპერატიული ტექნიკური მომსახურება და მარტივი დეფექტების აღმოფხვრის სამუშაოები კომპანიის ფლოტში არსებულ აირტურბინული ძრავით აღჭურვილ თვითმფრინავებზე: Boeing 737 – 300/400/500; Boeing 747 – 200/300; B757 – 200/300.
საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს Geosky TECHNICS-ის შესაბამისობის მონიტორინგის და უსაფრთხოების სისტემის მენეჯერის პავლე ჩადუნელის განცხადებით -,,მოხარულნი ვართ, რომ ტექნიკური საწარმო Geosky TECHNICS-ის თანამშრომელი ია პაიჭაძე, უკვე სერტიფიცირებული სპეციალისტია და ის ამიერიდან დამოუკიდებლად განახორციელებს სამუშაოებს ავიაკომპანიის ფლოტში არსებულ აირტურბინული ძრავით აღჭურვილ თვითმფრინავებზე. ია, ავიატექნიკოსებს შორის ერთადერთი სერტიფიცირებული ქალი სპეციალისტია საქართველოში და ვამაყობთ, რომ სწორედ Geosky-ს გუნდს წარმოადგენს სხვა მრავალ ავიტორთან ერთად. ია, კოლეგებთან ერთად, 3 წლის განმავლობაში, ემსახურებოდა საჰაერო ხომალდებს ტექნიკური კუთხით, სერტიფიცირებული სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ და დაუღალავი შრომით მიდიოდა მიზნისკენ, შედეგიც საამაყოა და დღეიდან, აღნიშნული სერტიფიკატის საფუძველზე მას შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს ნებისმიერი მასზედ დაკისრებული უფლება-მოვალეობები. ვისურვებდით იას მსგავსად კიდევ ბევრ ქალს, ავიატექნიკოსთა საამაყო რიგებში“.
ია პაიჭაძეს, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიკატი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, სააგენტოს ხელმძღვანელმა ბატონმა გივი დავითაშვილმა საზეიმო ვითარებაში გადასცა და უსურვა წარმატებები პროფესიულ გზაზე.
„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში ქალი ავიასპეციალისტების რიცხვი იზრდება. ჩვენ უკვე გვყავს სერტიფიცირებული ქალი პილოტები, ავიამეთვაყურეები, ბორტგამყოლები, ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტები. 2022 წლიდან, საქართველოში საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების სერტიფიცირების ევროპული სტანდარტები დაინერგა. სანამ დამოუკიდებლად, ისეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებას დაიწყებენ, როგორიც საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის უზრუნველყოფაა, ჩვენი ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები საკმაოდ რთულ მოსამზადებელ და სერტიფიცირების ეტაპებს გადიან. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სფეროში ქალთა ჩართულობა დაბალია მთელ მსოფლიოში. გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს პირველი სერტიფიცირებული ავიატექნიკოსი ქალი ყავს. წარმატებები მინდა ვუსურვო იას და მის კოლეგებს პროფესიულ საქმიანობაში“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სულ სერტიფიცირებულია 162 საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი.